ალექსანდრე ბასილაია


ალექსანდრე „ბუთხუზი“ ალექსანდრეს ძე ბასილაია (დ. 11 მარტი, 1942, თბილისი, საქართველო — გ. 3 ოქტომბერი, 2009, გერმანია) — ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987).

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი – ანსამბლ „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ალექსანდრე ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერის, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა.

ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979), „არგონავტები“ (1980), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“ და სხვა. ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).

მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით – „რაღაც დასრულდა“, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე ხნის წინ გაიმართა.

ალექსანდრე ბასილაია გარდაიცვალა გერმანიაში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჯილდოები:

  • 2002 – თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 – ღირსების ორდენი, ქართული საესტრადო ხელოვნების დარგში შეტანილი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ბოლო ხუთი წლის მანძილზე კონცერტების პოპულარული სერიალის შექმნისათვის
  • 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი

შემოქმედება

  • ამოდი მზეო
  • ანგელოზად მოხვალ
  • არ უხდება თვალებს ცრემლები
  • ბერიკაცი
  • გზა დაგვილოცე
  • გული
  • ზღაპარი სიყვარულისა
  • იმედი
  • ირინე
  • იყიდება საქართველო
  • მარგარიტას არია
  • მერე
  • ნათია
  • ნიკალას არია
  • ნიღბები
  • სერენადა
  • სიმღერა კინოფილმიდან „ჩიორა“
  • სიმღერა მულტფილმიდან „რწყილი და ჭიანჭველა“
  • სოფლის შენებას რა უნდა
  • ტიკო, ტიკო
  • წვიმად გადავიქეცი
  • 17 Лет
  • Арго
  • Визит
  • Дворы
  • Джулия
  • Кабаре
  • Как Мы Любили
  • Мария Магдалина
  • Мой Путъ
  • Нелюдимая
  • Песня О Матери
  • Повезло Мне С Тобой
  • Прошай Тбилиси
  • Цыганская Песня
  • Черный Ворон