
ვაჟა აზარაშვილი (დ. 13 ივლისი, 1936, თბილისი — გ. 7 თებერვალი, 2024) — ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
ვაჟა აზარაშვილი ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა (პროფ. ალექსანდრე შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი) და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. იონა ტუსკიას კომპოზიციის კლასი) მიიღო.
1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. 1998–2007 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო.
1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა, რომელმაც წარმატებით გაიუჟღერა როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საკონცერტო დარბაზებში. 70-იანი წლებიდან კომპოზიტორი აფართოებს შემოქმედების ჟანრულ სფეროს — ქმნის ექვს ოპერეტას, ორ ვოკალურ ციკლს — ბანისა და ფორტეპიანოსთვის, და „თეატრალურ ნიღბებს“ ტენორისა და ფორტეპიანოსთვის. 80-იანი წლების დასაწყისში ვაჟა აზარაშვილი პირველად მიმართავს საბალეტო ჟანრს.
1982 წელს შედგა ბალეტ „ხევისბერის“ პრემიერა. ნაწარმოებზე მუშაობისას ფშაური მუსიკალური ფოლკლორის კანონზომიერებებზე დაყრდნობით კომპოზიტორმა თანამედროვე გამომსახველობითი ხერხებიც გამოიყენა. 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად კომპოზიტორი საკმაოდ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობდა. ამ პერიოდში შეიქმნა სუიტა „ძველი თბილისის სურათები“, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „პოეტის აღსარება“, „ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე“, რამდენიმე ციკლი ფორტეპიანოსათვის, ვოკალური ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა.
1995 წელს ვაჟა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მუსიკალური კომედიის ჟანრს, როდესაც შექმნა თავისი საუკეთესო მიუზიკლი „მეჩექმე გაბო“.
მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვაჟა აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს საესტრადო მუსიკის სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქმნილებებს, ხოლო თანამედროვე პოეტებიდან მორის ფოცხიშვილის და პეტრე გრუზინსკის ლექსებს.
კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის „თბილისური ლირიკული”, „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო!“ და სხვ. მის სიმღერებს 70-იანი წლებიდან საესტრადო მუსიკის მოყვარულთათვის ფართოდ ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ, მათ შორის ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, ვახტანგ კიკაბიძე, ეთერ კაკულია, თამარ გვერდწითელი, მერაბ სეფაშვილი, ანსამბლები „ორერა“, „რერო“, „ივერია“, „თეატრონი“ და სხვა. მისი ნაწარმოებები ხშირად სრულდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. გამოცემულია გრამფირფიტები და რამდენიმე კომპაქტ დისკი.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სსრ-ის კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
კომპოზიტორის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. გარდაიცვალა 2024 წლის 7 თებერვალს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, მახათას პანთეონში.
ჯილდოები:
- 1979 წ. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1982 წ. საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს პრემია
- 1988 წ. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი
- 1998 წ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1998 წ. ღირსების ორდენი
- 1999 წ. თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2003 წ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
- 2004 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 2011 წლის 22 დეკემბერს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვაჟა აზარაშვილის 75 წლის იუბილეზე გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
