
ნოდარ კალისტრატეს ძე გაბუნია (დ. 9 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2000) — ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1982).
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით 1957 წელს, 1962 წელს კი კომპოციზიის განხრით.
XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის ქართული მუსიკალური ასპარეზის წამყვან ძალას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ოციოდე წლის ასაკში მან დიმიტრი შოსტაკოვიჩის მაღალი შეფასება დაიმსახურა, რომელმაც გაბუნია თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს მუსიკოსად შეაფასა. მოსკოვის კონსერვატორიის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ, სადაც საფორტეპიანო ხელოვნებას ალექსანდრე გოლდენვეიზერი, ხოლო საკომპოზიციო ოსტატობას არამ ხაჩატურიანი აზიარებდა, გაბუნია თბილისში ბრუნდება.
1962 წლიდან გაბუნია არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1965 წლიდან სათავეში უდგება საფორთეპიანო კათედრას, 1984 წლიდან კი ხდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს.
1992–1993წწ. მუშაობდა ნიუ–ორლეანის(აშშ) უნივერსიტეტის ფორტეპიანოს კათედრის პროფესორად; გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი, იყო ბელა ბარტოკის საფორტეპიანო ნაწარმოებების აქტიური პროპაგანდისტი. მას ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები: ორი სიმფონია, სამი საფორტეპიანო კონცერტი, პოემა–ელეგია სიმებიანი ორკესტრის, ჰობოისა და ლიტავრისათვის, სამი საფორტეპიანო სონატა, სონატა ორღანისათვის, იმპროვიზაცია და ტოკატა ფორტეპიანოსათვის, საორღანო მუსიკა, კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, მუსიკა თეატრისა და კინოფილმებისათვის: “ვედრება”, “ნერგები”, “აურზაური სალხინეთში”. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
სახელოვანი კარიერის განმავლობაში ნოდარ გაბუნიამ თანაბარი აღიარება მოიპოვა როგორც პიანისტმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა.
იგი ბევრი ქართველი პიანისტის პედაგოგი იყო. საზოგადოება ყოველთვის მოუთმენლად ელოდა ნოდარ გაბუნიას კლასის კონცერტებს, რომლებიც ქვეყნის კულტურული ცხოვრების ნამდვილ მოვლენად იქცა.
ჯილდოები:
- 1982 – საქართველოს სახალხო არტისტი
- 1985 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
- 1965 – იუნესკოს საერთაშორისო პრემია
