ბიძინა კვერნაძე


ბიძინა კვერნაძე (დ. 29 ივლისი, 1928 — გ. 8 ივლისი, 2010) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), ზაქარია ფალიაშვილისა (1981) და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების (1985) ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1996), ღირსებისა (1998) და წმიდა გიორგის ოქროს ორდენების (2009) კავალერი.

ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს ქ. სიღნაღში. მამა — ალექსანდრე კვერნაძე — ქ. სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო. დედა — ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი. ერთხანს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო.

5 წლის იყო ბიძინა, როდესაც დედა გარდაეცვალა, სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ის მუსიკოსი გამხდარიყო. 17 წლის ბიძინა კვერნაძე ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა. მას ინსტრუმენტად კონტრაბასი ერგო. სწორედ მაშინ გამოჩნდა ქალბატონი ტერეზა არონიშიძე, ვინც მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

1948 წელს ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას წარუდგინა თავისი ნაწარმოებები და იგი ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე.

1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი (პედ. ანდრია ბალანჩივაძე). მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ ზ. ხუროძის დირიჟორობით. იმავე წელს ბიძინა კვერნაძე მიიღეს საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად. 1959 წელს ჩატარდა „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“, რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით კონცერტი გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მიავლინეს ავტორიც და იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამვე წელს დაიწერა „ცეკვა-ფანტაზია“ სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია“. 1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1965 წელს დაიდგა ბიძინა კვერნაძის ბალეტი „ქორეოგრაფიული ნოველები“ (ლ. გუდიაშვილის სურათების მიხედვით), 1973 წელს ბალეტი „ბერიკაობა“, 1983 წელს ოპერა „იყო მერვესა წელსა“ („შუშანიკის წამების“ მიხედვით, რეჟ. რ. სტურუა), 1992 წელს ციურიხში, თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე პირველად შესრულდა სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის.

ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი“ (1987), „მედეა“ (1992), „უკვდავება“ (1971), „კანტატა; საქართველოზე“ ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1974), „სადღესასწაულო უვერტიურა“ (1977), „ძველი ქართული წარწერები“ ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის“ (1986). ბიძინა კვერნაძეს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია“ (ჯ. კახიძესთან ერთად). მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მე ვხედავ მზეს“.

2010 წლის 8 ივლისს ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა ქ. თბილისში. 11 ივლისს იგი დაკრძალეს დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჯილდოები:

  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი
  • 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით
  • 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება
  • 1985 წელს ოპერისათვის „იყო მერვესა წელსა“ და უკანასკნელი წლების კინომუსიკისათვის მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1981 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია

შემოქმედება