
გიორგი (გოგი) გაბრიელის ძე ცაბაძე (დ. 24 აგვისტო, 1924, თბილისი — გ. 30 ნოემბერი, 1986, გორი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1973), თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასი. მუშაობდა ფილარმონიაში, საქართველოს ტელევიზიაში. 1973 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საესტრადო სასწავლებელში. 1956-1975 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში.
ჯერ კიდევ 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს ზამთარში, თბილისის 27-ე სკოლაში სრულიად ახალგაზრდა თენგიზ აბულაძემ დადგა ვალერიან გუნიას პიესა „და-ძმა“. სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, მუსიკალურად გააფორმა ასევე სრულიად ახალგაზრდა გოგი ცაბაძემ.
კომპოზიტორს დიდი პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა: „მთაწმინდის მთვარე“, „თბილისის მუხამბაზი“, „ქუჩა-ქუჩა“, „მეფაიტონე“ და სხვა მრავალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიტორის მუსიკალური კომედიები, ოპერეტები და მიუზიკლები. იგი ამ რთული ჟანრის 20-მდე ნაწარმოების ავტორია, ესენია: „სიმღერა სიყვარულზე“, „ჩვენი ნაცნობები“, „ტრფობის ბადეში“, „კურკას ქორწილი“, „იეთიმ გურჯი“, „მეტეხის ჩრდილში“, „შესანიშნავი სამეული“, „იტალიური რომანი“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ გოგი ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია აგრეთვე საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: „ვერის უბნის მელოდიები“, „მხიარული რომანი“, „მოიტაცეს თამარ ქალი“.
გოგი ცაბაძე დაჯილდოვებული იყო ხალხთა მეგობრობისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
გოგი ცაბაძე სცენაზე სიმღერისას გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
შემოქმედება
- ახალი მუხამბაზი
- ბალადა სიყვარულზე
- გაიარე, გაიარე
- გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ
- გამხელილი ცოდვა
- განა შენთვის გული არ მითხოვია
- გაუმარჯოს პავლესა
- გემი
- გული მღერის
- ერთადერთო ჩემო ღმერთო
- ვინა თქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია
- თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან
- თეთრი მტრედი
- თოვლის ფანტელი
- იმღერე რამე
- კაცი ვარ და ქუდი მხურავს
- მე ხომ შენი ლანდი ვარ
- მთაწმინდის მთვარე
- მრუდე თუ გაქვს ხელი
- ნეტა მართლა გყვარებოდი
- ნუ აგროვებ
- ოსეფას სიმღერა
- ოცდახუთსა დეკემბერსა
- პაწაწინა სამოთხე
- რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს
- საათი
- სადაც გინდა იქ ილოცე
- საფინალო სიმღერა
- საქართველოს მანანებო
- სიმღერა მთვარეზე
- სიყვარული დაფრინავს
- სულის ვარდო
- ტრიალებს
- უკანასკნელი მეფაიტონე
- ქართულ მიწაზე
- ქუჩა ქუჩა ალუბლებს
- შენზე ფიქრებს ბედავს გული
- შუაღამის სერენადა
- ჩემი გული შენ მოგიკლავს
- ჩემი თბილისის საღამო
- ჩემი საქართველო აქ არის
- ჩემო თბილის ქალაქო
