მზეო მარიამ

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დატკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ცივ სამარეში ჩავესვენები.
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ცივ სამარეში ჩავესვენები.

ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ცივ სამარეში ჩავესვენები.
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ცივ სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading