
ჯანსუღ კახიძე (დ. 26 მაისი, 1935, ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 7 მარტი, 2002, თბილისი) ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1978). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1985).
ჯანსუღ კახიძე დაიბადა 1935 წლის 26 მაისს , ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში, მეღვინე ივანე კახიძის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟირო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფი. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი). ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962–1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1965–1968 წლებში მთავარი დირიჟორი). 1971–1973 წლებში მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად, სადაც 1972 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კონოფილმებისათვის „შერეკილები“, „პირველი მერცხალი“, „დათა თუთაშხია“. კახიძის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (იგორ სტრავინსკის „საღმრთო გაზაფხული“, დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, იოზეფ ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის „ანცი შაირები“, ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, თორაძის მე-2 სიმფონია და სხვა).
კახიძემ თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა. იგი დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. აღსანიშნავია, რომ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება.
ჯანსუღ კახიძე გარდაიცვალა ქალაქ თბილისში, 2002 წლის 7 მარტს. დაკრძალულია დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ჯილდოები:
- ღირსების ორდენი (1995)
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1985)
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1978)
- რუსთაველის პრემია (1977)
- სახელმწიფო პრემია
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი (1958)
