გია ყანჩელი


გია ყანჩელი (დ. 10 აგვისტო, 1935, თბილისი, საქართველო — გ. 2 ოქტომბერი, 2019, თბილისი, საქართველო) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი (1995).

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).
გია ყანჩელი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს.

გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:
ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

ჯილდოები:

  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • 2008 – ვოლფის პრემია ხელოვნებაში
  • 1995 – ღირსების ორდენი
  • 1988 – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
  • 1987 – პრიზი „ნიკა“, კინომუსიკისათვის
  • 1981 – საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 – საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი
  • 1981 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია

შემოქმედება